უკანაფშავის თემის ისტორია

შუაფხო უკანაფშავის თემის ცენტრია. თემი  ორწყლიდან (ფშავის და ხევსურეთის  არაგვის შერთვის ადგილი)  იწყება და ოც კილომეტრზეა გადაჭიმული , ფშავის არაგვის ხეობაში. თავად შუაფხო ორწყლიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სახელწოდება შუაფხო წარმოდგება „შუა ფხოვიდან“- ის ისტორიული ფხოვის ( ფშავ -ხევსურეთის სახელწოდება ძველად) ცენტრი იყო. სწორედ ეს ადგილები წარმოადგენს
ფშაველთა უძველეს საცხოვრისი და აქ არის განლაგებული მათი მთავარი ხატ-სალოცავები. მართალია , დღეს მაღაროსკარის თემი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია, მაგრამ აქ ძირითადად , სწორედ უკანაფშავის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებიდან ჩამოსახლებულნი ცხოვრობენ, მათი დიდი ნაწილი დღეს დაცლილია.
ფხოელები პირველად მოხსენიებულია „მოქცევაი ქართლისაი“-ში. მას შემდეგ , რაც წმინდა ნინომ იბერიის სამეფო ქრისტიანობაზე მოაქცია, „წარვიდა წმიდაი ნინო , და ერთი ეპისკოპოსი იოანე, და მათ წარატანა მეფემან ერისთავი ერთი. და მოვიდეს და დადგეს წობანს, და მოუწოდეს მთიულთა , პირუტყვისა სახეთა მათ კაცთა , ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ ჯვარი ქრისტიანეთა ჭეშმარიტი. ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღებაი . მაშინ ერისთავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახვილი მათზედა და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი. გარდმოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწო-თიანელთა , ხოლო მათ შეიწყნარეს  და ნათელიღეს . ხოლო ფხოველთა დაუტევეს ქვეყანა მათი , და გარდავიდეს თუშეთს, და სხვანიცა მთიულელნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი... რომელნიმე უკანასკნელ მოაქცივნა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსმან. რომელნიმე
იახსარი
მათგანნი დარჩეს წარმართობასავე დღესამომდე“
წყაროდან გამომდინარე, ჩვენი წელთაღრიცხვის დამდეგს ფხოვი უკვე დასახლებული ყოფილა. მათ წარმართული რელიგიის დათმობა არ სურდათ, ამიტომაც ხელისუფლებისაგან დევნა განუცდიათ, მათი ნაწილი თუშეთში გახიზნულა.
XI საუკუნის ცნობების მიხედვით ირკვევა , რომ ფხოვი ამ დროს კვეტერის საერისთაოში შედიოდა.
თამარის სიცოცხლის ბოლო წლებში , 1212 წელს,  ფხოელები და დიდოელები გამდგარან და მათ მორჩილებაში მოსაყვანად საჭირო გამხდარა იქ ლაშქრის გაგზავნა.
„მათ ჟამსა იწყეს კაცთა მთეულთა განდგომად, ფხოელთა და  დიდოთა. დიდონი... უჩინარს რასმე ეშმაკს თაყვანს -სცემენ. ხოლო ფხოელნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად , ხოცად და ტყვეობად, ცხადად და ღამით. მაშინ მოუწოდა მეფემან თამარ ათაბაგსა ივანეს და ყოველთა მთეულთა, დვალთა, ცხრა-ზმელთა, მოხევეთა, , ხადელთა, ჭართალთა დ აერწო-თიანელთა, მისცნა ივანე ათაბაგსა, და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანემ გონიერ ყო, აღვიდა მთასა ხადისასა, და წარვლო წვერი მთისა, და წარდგა მთასა ფხოელთა და დიდოთასა, რომელი ესე არავის ექმნა არცა პირველ და არცა შემდგომად. ერთ-კერძო დაურჩა  ძურძუკეთი, და ერთ-კერძო
იახსარი.საზარე
დიდოეთი და ფხოელი. ცნეს მოსვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღვნითა მეფენი ძურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გვერდსა, და იწყეს ზეიდამ ბრძოლა, ტყვეობა და კვლა, და რბევა და დაწვა. და მოწყვიდნეს ურიცხვი კაცი დიდო და ფხოელი . და დაყუნეს სამნი თთუენი, ივნისი , ივლისი და აგვისტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისაგან მოსცეს მძევლები და აღუთქვეს მსახურება და ხარაჯა, და მოსცეს პირი სიმტკიცისა. ქმნეს ზავნი, და წარმოასხნა მძევლები , და ესრეთ გამარჯვებულნი მოვიდეს წინაშე მეფისა, და ჰრქვა ივანე ათაბაგმან მეფესა თამარს: ჰოი ძლიერო მეფეო, იქმნა ბრძანება შენი, და მოვაოხრენ ურჩნი ბრძანებისა შენისანი, დიდოეთი და ფხოელნი“
 მემატიანის ცნობებიის მიხედვით , ნათელი არ არის რა მიზეზით მოხდა ეს ამბოხება, ფაქტია , რომ ხელისუფლებისათვის საშიშ მოვლენას წარმოადგენდა და სათანადო ზომებიც ყოფილა მიღებული. მართალია ,ფშავლები მაშინ ქრისტიანებად ითვლებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ისევ წარმართები იყვნენ და „მუხის ანგელოზს „  სცემდნენ თაყვანს. ეს მუხა , გადმოცემით „ხმელ გორზე’ მდგარა და თემის მთავარ სალოცავად ითვლებოდა. თამარის ბრძანებით , აქ ეკლესია აუშენებიათ , რომლისთვისაც მეფეს თავისი ძის, ლაშა -გიორგის სახელზე ვერცხლის ჯვარი შეუწირავს და ამ გორსაც ლაშარის ჯვარი დარქმევია.
ამ დროიდან, ამ მხარეს სახელი ეცვლება და ფხოვის ნაცვლად ის შემდგომ საუკუნეებში ფშავად იხსენიება. თუმცა ფხოვის არსებობის უტყუარი მოწმეა სოფელი შუაფხო, რომელიც XII საუკუნეში ფხოვის პოლიტიკურ - ეკონომიკური ცენტრი უნდა ყოფილიყო, აქ არის ფშავის ძლიერი სალოცავი -იახსარი.
სიტყვა ფშავი დაკავშირებული უნდა იყოს „ფშა“ -სთან, რაც ნიშნავს მდინარის პირიდან გამომდინარე წყაროს. ასეთი ფშები მრავლადა უკანაფშავის თემში.
შუაფხო
მონღოლთა ბატონობის პერიოდში, სავარაუდოდ , ფშავლები ისევ განუდგნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. XV საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს დაშლის პერიოდში, ჩანს , რომ ისინი არ მორჩილებენ კახეთის მეფეებს. ამისათვის ყურადღება მიუქცევია კახეთის მეფეს -ლევანს (1518-1574) . ფშავს კახეთის უსაფრთხოებისათვის  სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ის სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს დარაჯობდა და ბილიკები გადადიოდა ჩეჩნეთში. ლევანმა შეძლო პრობლემის მოგვარება , მაგრამ არა ძალის გამოყენებით, არამედ დიპლომატიით- მან ფშავლებს ზამთრის საძოვრები უბოძა, სანაცვლოდ კი მათგან ბეგარა და ლაშქრის გამოყვანის პირობა მიიღო.
ადმინისტრაციულად ფშავი , როგორც აღვნიშნეთ , ჯერ კვეტრის საერისთაოს ეკუთვნოდა, შემდეგ კი ერწო-თიანეთის სამოურავოს. საეკლესიო მმართველობის მხრივ ის ხარჭიშოს საეპისკოპოსოში შედიოდა.
ფშავის დამორჩილება სცადა ზურაბ არაგვის ერისთავმა (1619-1629) , გულზვიადი ერისთავი ფშავლებმა ორწყალში სასტიკად დაამარცხეს. ერისთავი დამარცხებას არ შეურიგდა და მეორედაც შემოიჭრა ფშავში , მან ამჯერად ლაშარის აღება სცადა-ფშაველთა რელიგიური და პოლიტიკური ცენტრისა. ამჯერად წარმატებას მიაღწია და ლაშარის ჯვრის აღება შეძლო. ზურაბს ვიღაც უკანაფშაველი აფციაურის დახმარებით ლაშარში მდგარი ბერმუხაც მოუჭრია, რომელშიც ფშაველთა რწმენით მუხის ანგელოზი ცხოვრობდა, თემის მფარველი და წინამძღოლი.
„ლაშარის ჯვარი ამბობდა,
ცას ვები ოქროს შიბითა,
ხმელს გორზე მედგა ბერმუხა,
ზედ ავდიოდი კიბითა,
ჩემ ყმათა შემონაძღვენი
ღმერთთან ამქონდა იქითა.
ძალით ვერავინ იძალა,
ვერც ხმლითა, ვერცა ისრითა,
წყეულმა აფციაურმა
მომირწყო ციცის სისხლითა,
სულძაღლმან ერისთვისშვილმა
გადმამიბრუნა ძირითა,
იმათი მოდგმა დალიე,
უფალო შავი ჭირითა,
ჯერ შვილი-შვილით დალიე,
მერე ქალ-შვილიშვილითა...“
აღშფოთებული ხალხი ზურაბის წინააღმდეგ ამხედრდა და თავხედი ერისთავი ხეობიდან გააძევა. დამარცხებული ზურაბი ფშავლებს შერიგებია და ცოდვის მონანიების მიზნით, შებღალული ლაშარისათვის ჯვარი მიურთმევია.
გოგოლაურთა
ხშირი იყო მეზობელი ტომების თავდასხმებიც. ურთიერთმტრობა ჰქონდათ თუშებსა და ფშავლებს. თუშები ბილიკებით გადმოდიოდნენ ბორბალოს მთაზე და თავს ესხმოდნენ ფშაურ სოფლებს . მათი ერთერთი მეთაური ყოფილა დავით თილისძე, ის იტაცებდა ფშავლების ცხვარ-ძროხას , იკლებდა სოფლებს და ნადავლით უკან ბრუნდებოდა.გადამწყვეტი ბრძოლა თუშებსა და ფშავლებს შორის სოფელ ხოშარასთან მომხდარა. ფშავლებმა მოიგეს და უამრავი თუში ბრძოლის ველზე დარჩა, თილისძემ გაქცევა მოასწრო. ხოშარელ ქალს სანათას ამ ბრძოლაში შვიდი ვაჟი და ქმარი დაეღუპა. მიუხედავად ამისა ის ბრძოლის ველზე იდგა და ფშავლებს ამხნევებდა. ვაჟა-ფშაველას ენანებოდა გმირი ქალი ძმათამკვლელი ომისათვის და ის „ბახტრიონის“ გმირად აქცია.
„დაგვლია ხოშარის გორმა, იქ წყლის არ გამოდენამა,
ვიწრო-ვიწრომა ხევხუვმა, მოკლედ ფშავლების დენამა,
უწყალოდ გამომდინარმა სანათურაის ენამა“-
ათქმევინებს თილისძეს ფშაური ხალხური პოეზია.
ამის შემდეგ თუშებს ფშავლებისათვის შერიგება უთხოვიათ. თილისძემ თეთრი ქორა ხარი შესწირა ლაშარის ჯვარს და მოწინააღმდეგეები ძმად გაფიცულან.  1660 წელს, ბახტრიონის აღებაში თუშ-ფშავ ხევსურები ერთად მონაწილეობდნენ . ბრძოლაში თავი გამოუჩენია გოგოლაურს, რომელიც გოგოლაურთის თემის მკვიდრი იყო.
ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფშაური თემები უპირისპირებოდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების მიზეზე ძირითადად სამეურნეო მიწების სიმცირე იყო.
ერთმანეთთან დავა ჰქონია შუაფხოსა და გოგოლაურთის თემს . მათ შორის ბუნებრივ საზღვარს ნაროულას ხევი წარმოადგენდა, თუმცა გოგოლაურებმა იძალეს, საზღვარი ხევისაგან დასავლეთით გადმოსწიეს და შუაფხოს საძოვრები მიითვისეს. რაკი შუაფხოვლები ვერაფერს გახდნენ, საზღვართან ახლოს სასაფლაო გახსნეს და ამ გზით შეაჩერეს  მათი წინსვლა. გადმოწეული საზღვრის აღმნიშვნელი ქვა-„სამანი“ დღესას დგას ნაროულას ხევის მახლობლად.
XVIII  საუკუნის II ნახევარში თუშ-ფშავ ხესურეთის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ის ერეკლე მეორის სერიოზულ დასაყრდენს წარმოადგენდა.
XIX საუკუნეში ფშავი თიანეთის მაზრის ნაწილად იქცა, ის ადმინისტრაციულად კვლავ კახეთს ექვემდებარებოდა. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემედეგ, დუშეთის რაიონის დაქვემდებარებაში შევიდა.


სერგია მაკალათიას მასალების მიხედვით, მოამზადა შუაფხოს საჯარო სკოლის  VIII კლასის მოსწავლემ გია გულბათაშვილმა.




Комментариев нет:

Отправить комментарий