პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" შუაფხოს საჯარო სკოლაში

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან ფუნქციონირებს.ის  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთერთ ავტორიტეტულ პროგრამას წარმოადგენს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მიმართულია ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებისაკენ. საქართველოს საჯარო სკოლების ნებისმიერი მოსწავლისათვის, მიუხედავად იმისა, დედაქალაქში სწავლობს იგი თუ მაღალმთიან რეგიონში, ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა განათლების რეფორმის ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და მოტივაცია გადამწყვეტი ფაქტორია.
პროგრამამ, რომელსაც უკვე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს , მნიშვნელოვნად შეძლო იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც , თავის მიზნად დაისახა:
  • სკოლებში სწავლა -სწავლების ხარისხის გაუმჯობესება
  • საქართველოს რეგიონების სკოლებში არსებული მასწავლებლის ვაკანსიების შევსება
  • ახალგაზრდა, ენერგიული და მოტივირებული სპეციალისტების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება და ჩართვა სასწავლო პროცესში.
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.


შუაფხოს საჯარო სკოლა დაარსების დღიდან თანამშრომლობს ამ პროგრამასთან. სკოლისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა პროფესიონალი კადრების დეფიციტი, რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვა სასწავლო პროცესში. 2009 წელს შუაფხოს სკოლაში სკოლის დირექტორის - ირმა ცქიფაშვილის მოთხოვნით სკოლაში პროგრამის ორი მონაწილე ჩავიდა. შემდეგ ყოველწლიურად ემატებოდნენ ახალი კადრები. დღევანდელი გადმოსახედიდან , თამამად შეიძლება ითქვას , რომ „ასწავლე საქართველოსთვის“ პედაგოგებმა გაუძლეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, რისი დასტურიცაა პროგრამის მაღალი ავტორიტეტი თემში, მოსწავლეთა განათლების ხარისხისა და მოტივაციის ზრდა.

დღესდღეობით, პროგრამით სკოლაში ექვსი პედაგოგი მუშაობს: 




დავით ჩივაძე

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი

ერთხელ ფშავლების ასეთ საუბარს შევესწარი:
„-სანადიროდ იყავი?“-ეკითხება ერთი მეორეს.
„-სანადიროდ. მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.“
„-ნადირიც აღარა ჩერდება... ქვეითკენ გარბის...“
-არა, ნაკვალევი იყო.“ -გულუბრყვილოდ გამოეხმაურა მოპასუხე.
„-ალბათ ეგეც ბარისკენ მიმავალი...“
ბარისკენ „გაკვალულმა“ გზამ მთიან რეგიონებს ადამიანური რესურსი გამოაცალა. უსაშველო“ მიგრაციის გამო მთას მარტივი დრო ნამდვილად არ უდგას. ფშავის (და არამარტო ფშავის) მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად მცირდება, ბევრი სოფლისგან მხოლოდ სახელწოდებაღაა დარჩენილი. ბარში დამკვიდრებული ადამიანი უკან დაბრუნებაზე ნაკლებად ფიქრობს. ჩნდება ახალი თაობა,რომლისთვისაც მთის ცხოვრების წესი უცხოა. დღეს , უმნიშვნელოვანესი საკითხი, სწორედ იმ ადამიანების შენარჩუნებაა რომლებიც მშობლიურ კუთხეს ერთგულად უდგანან გვერდით და მისი ცხოვრების ლხინსა და სიმძიმეს იზიარებენ.
უკანაფშავის თემში 2011 წელს აღმოვჩნდი, როც პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მანდატით ადგილობრივ სკოლაში მასწავლებლად მიმავლინეს.ეს კუთხე ,ჩემთვის ,სრულიად უცხო იყო. ადრე, როდესაც, მეგობრებთან ერთად , ყაზბეგიდან  უკან ვბრუნდებოდი და ვაჟა -ფშაველას სახლ-მუზეუმის ნახვა ვერ მოვასწარით , ჩავიფიქრე, რომ ფშავს აუცილებლად ვეწვეოდი. ოცნება ამისრულდა და თანაც საკმაოდ ხანგრძლივი დროით :) დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ეს ჩემი ცხოვრები მნიშვნელოვანი პერიოდია და აქ გატარებული შრომა  და მიღებული გამოცდილება ფარავს იმ სირთულეებს, რომლებიც ფშავში ცხოვრების მანძილზე შემხვდა.
შუაფხოს სკოლა უკანაშავის საზოგადოების კულტურული ცხოვრების ცენტრია. აქ განათლების მიღების შესაძლებლობა სხვა, განსაკუთრებულ მისიას გულისხმობს-ფშავში მომავალი თაობის შენარჩუნებას. თუკი არ იარსებებს სკოლა, რომელიც შეძლებს ბავშვებს რეალური განათლება მისცეს, ოჯახისათვის ხეობიდან წასვლა აუცილებლობად იქცევა. პროგრამამ -„ასწავლე საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანი როლი იტვირთა და დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, შეძლო დასახული ამოცანისათვის თავის გართმევა. აქ ჩამოსულს. ჩემი წინამორბედების მიერ გაწეული შრომა დამხვდა, ჩემს შემდეგ მოსულებს ჩემი; დროთა განმავლობაში ერთ გუნდად შევიკარით, ადგილობრივებთან ერთად  და სკოლის ცხოვრებასაც დაეტყო სერიოზული ცვლილებები.
ვფიქრობ, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთიანი რეგიონების პრობლემების მოგვარების გზაზე. ჩემთვის საამაყოა , რომ ამ გუნდის წევრი ვარ!




ვალიდა ბაგაური

მათემატიკისა და ფიზიკის პედაგოგი


მთაში ცხოვრება და მუშაობა ჩემი სტუდენტობის დროინდელი ოცნება იყო. თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მინდოდა თუშეთში წავსულიყავი სამუშაოდ, თუმცა დავოჯახდი და ჩემი სურვილი სურვილად დარჩა.

ჩემმა დირექტორმა ბაკურიანის საჯარო სკოლაში- თამარ ბლიაძემ მირჩია მონაწილეობა მიმეღო კონკურსში „ასწავლე საქართველოსთვის“ და თვითონ გადმოაგზავნა საბუთები , იმ იმედით , რომ ისევ ბაკურიანის სკოლაში მოვხვდებოდი. კონკურსი წარმატებით გავიარე, თუმცა  განაწილების შემდეგ შუაფხოს სკოლა მხვდა წილად. გული დამწყდა , რომ ბაკურიანში ვეღარ მოვხვდი და ქალბატონი თამარიც გავანაწყენე. შუაფხოს შესახებ არაფერი მსმენოდა,  ვიცოდი მხოლოდ ის, რომ სკოლის დირექტორი იყო „იმედის გმირი“ ირმა ცქიფაშვილი .

უკვე სამი წელია შუაფხოს სკოლის პედაგოგი ვარ , აქ არის ჩემი სამყარო. ჩემი სკოლა დაბლობზე დგას, უზარმაზარი მთების ძირში, არაგვის პირას. ჩემი მოსწავლეები, თანამშრომლები, თემის მკვიდრნი ყველანი ერთი ოჯახის წევრები ვართ.  ჩემს უკან დგას  „ასწავლე საქართველოსთვის“ დიდი ოჯახი, შესანიშნავი პროგრამა , რომელიც მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს!





იზაბელ კუსიანი

რუსული ენის პედაგოგი

2014წ 16 თებერვალი, ადრიანი გაზაფხული თბილისში , თბილი და სუსხიანი ერთდროულად. დღეს ფშავში მივდივარ...არ ვიცი სად მდებარეობს ,მივდივარ გაორებული, შევძლებ კი შევასრულო რაც მევალება ? მე ვარ პედაგოგი, მაგრამ ის რაც მევალება ამ პროექტით, ნამდვილად  ცილდება პედაგოგის შესაძლებლობის ზღვარს.
 ან მიმიღებს კი ფშავი?
 ჟინვალის წყალსაცავთან მომინდა სახლში დავბრუნდე, შემბოჭა უზარმაზარი მთების სიდიადემ, ბავშვივით ვაცეცებ თვალებს,კანტიკუნტად ჩანს სახლები ხეობაში ,თითქმის მივედით...
ძნელია სიტყვებით გადმოვცე როგორ მიმიღეს, რამხელა სითბო და სიყვარული დამხვდა...თურმე ტყუილად ვღელავდი. ასეთ გარემოში, ასეთ ადამიანებთან, ასეთ გუნდთან მე ყველაფერს შევძლებ.
ერთ წუთში გადაწყდა, მე აქ ვრჩები. თურმე როგორ გამიმართლა....
მიმიღო ფშავმა!

(ჩანაწერი პირადი დღიურიდან)




ნესტან ხორხომელიძე

გეოგრაფიისა და ბუნების პედაგოგი

მთებში ბევრჯერ მიხეტიალია მეგობრებთან ერთად, ლაშქრობებზე, თუმცა მთაში სამუშაოდ წასვლაზე, უფრო მეტიც, იქ ცხოვრებაზე არასდროს  მიფიქრია.
პროგრამა „ასწავლე საქართველოს“ შესახებ უნივერსიტეტში შევიტყვე, როდესაც მაგისტრატურის მეორე კურსზე  ვსწავლობდი. (2009წ.პროგრამა მაშინ დგამდა პირველ ნაბიჯებს.) მივხვდი,რომ ეს საინტერესო გამოწვევა იყო, რომელიც უნდა მიმეღო და ავყოლოდი. ჩემს რამოდენიმე კურსელთან ერთად შვავსე ანკეტა,დამირეკეს და მითხრეს,რომ ტესტირებაზე უნდა გავსულიყავი, შემდეგ იყო გასაუბრება, ტრენინგები და ბოლოს განაწილება სამუშაო ადგილებზე.
დუშეთის რაიონი სოფელი შუაფხოდანიშნულების ადგილი, სადაც უნდა შევდგომოდი ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას.წინასწარ შევაგროვე ცნობები ჩემი მომავალი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ფშავში მანამდეც ვიყავი ნამყოფი ჩარგალში,თუმცა უკანაფშავზე, სადაც სოფელი შუაფხო მდებარეობს არაფერი მსმენოდა.
ფშავში,სოფელ თხილიანაში,სკოლის დირექტორის ოჯახმა მიმასპინძლა(ისევე როგორც პროგრამის დანარჩენ მონაწილეებს მომავალში), სოფელი შუაფხო,სადაც სკოლა მდებარეობს, ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან 1,5კმ. მანძილითაა დაშორებული.
სოფლის მოსახლეობა საკმაოდ მცირერიცხოვანია, პირველად ჩემი გაოცება ფშავლებმა მაშინ შეძლეს, როდესაც მეორე მთის ფერდობზე, მოციმციმე შუქზე,რომელიც მე რატომღაც ვარსკვლავი მეგონა, მითხრეს იქ ჩვენი კარის მეზობლები ცხოვრობენო.
სკოლაში 19 მოსწავლე დამხვდა, რომლებიც გულდასმით მათვალიერებდნენ და კონტაქტში ნაკლებად შემოდიოდნენ. დიდი კეთილგანწყობით გამოირჩეოდა ჩემს მიმართ ადგილობრივი პედკოლექტივი, მათი და იმ ოჯახის დახმარებით, სადაც დღემდე ვცხოვრობ, შევძელი მთის საკმაოდ რთულ და ამავდროულად საინტერესო ცხოვრებასთან შეგუება.
ჩვენი სკოლა, პროგრამის დაარსების დღიდან თანამშრომლობს პროგრამა „ასწავლე საქართველოსთან“. დღეისათვის უკვე ექვსნი ვართ ამ პროგრამის მონაწილე მასწავლებლები. შეიძლება ითქვას,რომ ,ჩვენ არამარტო კოლეგები, არამედ ერთმანეთის მეგობრებიც ვართ.
დღეს, როდესაც უკან ვიხედები და განვლილ წლებს ვიხსენებ, ვხვდები, რომ პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ძალიან წარმატებული და რაც მთავარია საჭირო პროგრამაა, რომელმაც მაღალმთიანი სკოლების ,ძალიან ნიჭიერ მოსწავლეებს, მისცა შესაძლებლობა მიიღონ ისეთი განათლება, როგორსაც ნამდვილად იმსახურებენ. ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ, ამაზე მოსწავლეთა წარმატებები და შედეგები მეტყველებს.
კიდევ ბევრი რამის თქმა და გახსენება შეიძლება, თუმცა ახლა,რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და შუაფხოს საჯარო სკოლა ძალიან „ჩემიანები“ არიან, მე კი,იმაზე რაც ჩემია და ჩემშია, შიგნით ღრმად, საჯაროდ საუბარი მეუხერხულება,ამიტომ აქ შევწყვეტ.
წარმატებები პროგრამას, სკოლას, ჩემს მეგობარ კოლეგებს და საკუთარ თავს.

სიყვარულით გვეკეთებინოს  კეთილი საქმეები!



თიკო გაბრიაძე

ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგი


ამ პროგრამის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მქონდა და ვიცოდი , რომ პოპულარობით სარგებლობდა .

ჩემი პროგრამაში ჩართვა 2010 წლის  ზაფხულში მოხდა. პროგრამიდან შუაფხოში გამანაწილეს. სოფელი შუაფხო მდებარეობს  ულამაზეს კუთხეში, ფშავში.

კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად მოვხვდი ამ კუთხეში. გზადაგზა გიდობას პროგრამის მეორე მონაწილე, რუსულის პედაგოგი ანზორ სანდროშვილი  მიწევდა, ადგილზე მისულს კი პროგრამის პირველი მონაწილეები გიორგი და ნესტანი დამეხმარნენ ადაპტაციაში და დირექტორის ოჯახი, რომელმაც მიმიღო. ამ პროგრამის დამსახურებით, საქართველოს  მაღალმთიანი სკოლის მოსწავლეები ადგილზე იღებენ შესაბამის საშუალო განათლებას .ვთვლი, რომ პროგრამის “ ასწავლე საქართველოსთვის“ დამსახურებაა,  რომ  გავიცანი საქართველოს ულამაზესი კუთხე მისი  ისტორიით  და ტრადიციებით, რომელიც სხვა კუთხეებისაგან მკვეთრად გამოირჩევა. მახსოვს პირველი სასწავლო დღე, პირველი გაკვეთილი და შთაბეჭდილებები.
„ასწავლე საქაართველოსთვის“ პროგრამით  შუაფხოს საჯარო სკოლაში 6 პედაგოგია, თითოეული მათგანი  დირექტორთან, მოსწავლეებთან  და ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ვქმნით ამ სკოლის ისტორიას.




ირინე კალანდაძე


ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი


          ასწავლე საქართველოსთვის!-ეს ისეთი მოწოდებაა, გულგრილი ვერ დავრჩებოდი...ვერც იქ დავრჩებოდი, სადაც უკვე ვმუშაობდი მასწავლებლად. გული მთებისკენ  მიმიწევდა და თან მჯეროდა, რომ როცა ადამიანს მთელი გულით უნდა რამე, მთელი სამყარო შეითქმება მისი სურვილის ასასრულებლად. ზუსტად ასე მოხდა და მე ფშავში მოვხვდი, ვაჟას პოეტურ სამყაროში და ჩემთვის საოცნებო კუთხეში. უფრო კონკრეტულად  კი უკანა ფშავში, სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლაში. თანდათან  ვეცნობი ამ მხარეს და მით უფრო ახლობელი და ძვირფასი ხდება ჩემთვის. აქ ყოველი დღე ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით სავსეა. ფშავი მხოლოდ ვაჟას სამშობლო არ ყოფილა. აქ „სხვა საქართველო“ აღმოვაჩინე საოცარი ბუნებით, ხალხით, უძველესი რწმენა-წარმოდგენებით, ხატ-სალოცავებით, წეს-ჩვეულებებით, ხევისბრის ინსტიტუტით, ხატობებით, დაცლილი სოფლებით და ამასთან, ამ კუთხის მომავლის იმედით- ირმა ცქიფაშვილით, რომელსაც ცხრა შვილი ჰყავს, ამ კუთხის გაძლიერებაზე  ფიქრობს, სკოლაზე  საკუთარი ოჯახივით ზრუნავს, ჩამოსულ მასწავლებლებს საკუთარ სახლში აცხოვრებს და მათ შორის მეც...

ფშავით გაოცებას საზღვარი არ აქვს...

     ფშაველმა  მოსწავლეებმაც გამაოცეს თავიანთი  გონებამახვილობით, სწავლისადმი ინტერესით და გონიერებით. ეს, ალბათ, პროგრამის რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის და პროგრამის მონაწილე პედაგოგების ძალისხმევის შედეგია ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად. სკოლის დირექტორის მხარდაჭერამ, ჩემი ხუთი თანაპროგრამელის გვერდში დგომამ და ზოგადად სკოლაში არსებულმა კეთილგანწყობილმა გარემომ მეც გამიადვილა  ადაპტაციის პროცესი. ყველაზე რთული იმის გადალახვა იყო, რომ ჩემი წინამორბედის, ხევსური  პოეტის ადგილი უნდა დამეკავებინა. ფშავლებისთვის ხომ ერთ-ერთი  აუცილებელი პირობაა, ქართულის მასწავლებელი ლექსებს რომ წერდეს. თან სულ ანა კალანდაძეს მახსენებდნენ,  მათ ერთ-ერთ საყვარელ პოეტს. არა, გვარი აშკარად მშველიდა, მაგრამ ვერ ვამართლებდი... ბოლოს დავამსხვრიეთ ყველანაირი სტერეოტიპი და ჩემს მოსწავლეებთან ერთად შევუდექი სწავლა-სწავლების რთულ, მაგრამ საინტერესო და სასიამოვნო პროცესს.  თითოეული მოსწავლე ისეთი განსაკუთრებული და არაჩვეულებრივია, რომ ერთმანეთისგან ბევრს ვიღებთ. მერე რა, რომ ზოგჯერ ერთი მოსწავლე მთელ კლასს უდრის... აქ თითო ადამიანი ფშავის გადარჩენილი მომავალია...
         „ასწავლე საქართველოსთვის“  პროგრამის მნიშვნელობას აქ  კიდევ უფრო კარგად მივხვდი და მიხარია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან უკვე ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც ფიქრობს, რომ განათლება და განათლებული მომავალი თაობა გადაარჩენს  ცალკეულ კუთხეებს და სრულიად საქართველოსაც.







Комментариев нет:

Отправить комментарий