"ომარ ხაიამი"

2015 წლის 3 აპრილს შუაფხოს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ირანელი მეცნიერისა და  პოეტის ომარ ხაიამის მოღვაწეობას გაეცნენ. სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის, ისტორიისა და მათემატიკის პედაგოგებთან ერთად მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც მოიცავდა ომარ ხაიამის ცხოვრებას, სამეცნიერო მოღვაწეობასა და ლიტერატურულ შემოქმედებას. დასკვნით ეტაპზე , მოსწავლეებმა წაიკითხეს რობაიები. ღონისძიება მოეწყო პროექტის - "ადამიანები, რომელთაც შეცვალეს სამყარო" ფარგლებში.

სტუმრად ორგანიზაცია "კეთილი სამარიელი საქართველოში"

2015 წლის 2 აპრილს შუაფხოს სკოლას ეწვია ორგანიზაცია "კეთილი სამარიელი საქართველოში". ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს და თემში მცხოვრებ ყველა ბავშვს საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები მრავალფეროვანი იყო და მათი გერმანელი თანატოლების მიერ იყო გამოგზავნილი. 

საინფორმაციო შეხვედრა

2015 წლის 2 აპრილს პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" პედაგოგებმა მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრა შუაფხოს საჯარო სკოლის პედაგოგებთან. მათ ადგილობრივებს გააცნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა; წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები, რომლითაც დეტალურად იქნა მიმოხილული ახალი სქემის ყველა ნიუანსი. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი ახალ სქემასთან დაკავშირებული პრობლემატიკის ირგვლივ.

"ჩემი წიგნი"

2015 წლის 31 მარტს  გაიმართა შეხვედრა შუაფხოს საჯარო სკოლის წიგნიერების კლუბში. საინტერესოა ის ფაქტი  , რომ ამ ეტაპზე კლუბს აქტიურად შემოუერთდნენ პედაგოგები, რომლებმაც გააკეთეს მათ მიერ ბოლო თვის მანძილზე წაკითხული წიგნების პრეზენტაცია. პედაგოგების აქტიურობას ბავშვები ხალისითა და ინტერესით მოეკიდნენ. შეხვედრა მრავალფეროვან დისკუსიაში გადაიზარდა.

საჩუქარი საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეებისაგან

2015 წლის 30 მარტს შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეებისაგან საჩუქრები მიიღეს. მრავალფეროვანი , დასურათებული ლიტერატურა ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ამ ყველაფერში დიდი იყო ჟურნალისტ  თინათინ მოსიაშვილის წვლილი, რომელიც ხშირად სტუმრობს შუაფხოს სკოლას და მხარში უდგას ფშავის საზოგადოებას.